weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“ – დასავლეთ საქართველოს მუფტი ჩოხატაურში აქციაზე მივიდა

16:37 ხუთშაბათი, 14 იანვარი 2021

დასავლეთ საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიასთან მივიდა, სადაც სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები აქციას მართავენ. როგორც ადამ შანთაძემ განაცხადა, მუსლიმები ლოცვის გაგრძელებას შეძლებენ და სოფელი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება.

მუფტის თქმით, ინციდენტი უნდა ამოიწუროს და ადგილობრივები არ უნდა აჰყვნენ პროვოკაციას, რომელიც შესაძლოა მესამე ძალისგან მოდიოდეს. მან მრევლის წევრებს მოუწოდა, ხვალიდნელი, პარასკევის ლოცვისთვის მოემზადონ.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. მე იმ საღამოს ჩამოვედი, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს და ვისაუბრეთ, რომ მთავარი ჩვენი მიზანია ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი დაუბრუნდეს ძველ, მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი და ხორცი ვართ, ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია.

ლოცვები გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, უნდა დავიხარჯოთ იმისთვის, რომ სოფელი დაუბრუნდეს სიმშვიდეს. ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გაიმართა შეხვედრები და ადგილობრივმა ხელისუფლებამაც დაადასტურდა, რომ მხარში გვიდგანან, არ იქნება არანაირი პრობლემა, ლოცვები გაგრძელდება.

ჩვენი მიზანია, რომ იმ სამლოცველომ გააგრძელოს ფუნქციონირება და სოფელში არ იყოს დაპირისპირება“, – განაცხადა ადამ შანთაძემ.

მუფტის ამ მიმართვას აქციის მონაწილეები არ დაეთანხმნენ. მრევლის ერთ-ერთი წევრის, ფირუზ წულუკიძის თქმით, მათ მუფტისგან თანადგომა სჭირდებოდათ.

„სიტუაციის განსამუხტად კი არა, შენი მრევლის გვერდში დასადგომად უნდა იყო აქ ჩამოსული. ახლა მოხვედი და რაღაც დიპლომატიას გვიკითხავ. ჩვენ გვინდა მუსლიმური გვერდში დგომა. აქამდე უნდა გამოგეგზავნა ვინმე და გვერდში დაგვდგომოდა. ხვალ იქნება ლოცვა, მაგრამ ზეგ რა იქნება? სახლში რომ წახვალ და კაბინეტში დაჯდები, ზეგ რა იქნება? თანამდებობის პირი ხომ არ ხარ, ზევიდან რომ გველაპარაკები? ჯერ მოდი, გაგვესაუბრე, იქნებ რა პრობლემა გვაქვს. იქნებ, იმასაც ვითხოვთ, რომ ბათუმშიც იყოს მეჩეთი? საერთოდ რომ არ ახსენებ ამას. „დალაგდება, ვიმდოვნებ“ – სადაც გინდა წადი და იქ იმედოვნე“, – მიმართა სასულიერო ლიდერს ფირუზ წულუკიძემ.

სოფელ ბუკნარში დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. როგორც ადგილობრივი მუსლიმები აცხადებენ, რამდენიმე თვის წინ, სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. 12 იანვარს სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ „ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მეჩეთის აშენება და მინარეთი მოჰყვება“.

13 იანვარს, სოლიდარობის ნიშნად, ბუკნარში აჭარიდან და სხვადასხვა რაიონებიდან მუსლიმები ჩავიდნენ. პარალელურად, სოფლის ცენტრში ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მუსლიმებს ცენტრისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ვითარება დაიძაბა. დღის ბოლოს, ჩოხატაურის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, გურიის გუბერნატორი და დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა თქვა, რომ ბუკნარის მცხოვრებლები შეთანხმდნენ და ლოცვაში ხელი არავის შეეშლება.

მუსლიმური თემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება არ მომხდარა. ისინი ხელახალი შეხვედრის გამართვას ითხოვენ და ამ მოთხოვნით დღეს ჩოხატაურის მერიასთან შეიკრიბნენ. ფირუზ წულუკიძის განცხადებით, საკითხის გადაწყვეტაში მართლმადიდებელი ეკლესიის და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ. მისივე თქმით, შეთანხმება საჯარო შეხვედრაზე უნდა შედგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]